სულხან საბა ორბელიანი

a12003_8841

სულხან  საბა  ორბელიანი  დაიბადა  1658  წელს  სოფელ  ტანძიაში,  დმანისის ახლოს,  დღევანდელი  ბოლნისის  რაიონში.  იგი  წარჩინებულ  ფეოდალურ  საგვარეულოს  ეკუთვნოდა.  სულხანის  მამა  ვახტანგ  ყაფლანის  ძე  ორბელიშვილი (ორბელიანი)  ქართლის  სამეფოს  მოსამართლეთუხუცესი (ანუ  დივანგები) ქართლის  მეფეების  ახლო  ნათესავი  იყო.  იგი  დიდად  განსწავლული  პიროვნება  ყოფილა.  დედა ,  თამარი,  დიდი  ფეოდალის,  ზაალ  არაგვის  ერისთავის  ასული  იყო.  დიდი  და  ზვიადი  ფეოდალი  ზაალი  გამუდმებით  ოპოზიციაში  ედგა  კახეთის  ტახტის  მემკვიდრეებს.  სულხან-საბა  ორბელიანის ახლო  ნათესავობა  აკავშირებდა  ქართლის  სამეფო  კართან: მამიდამისი  ქართლის  მეფე  ვახტანგ  V  შაჰნავაზს  ჰყავდა  ცოლად.

სულხანის  საპატიო  აღმზრდელად  ითვლებოდა  მეფე  გიორგი  XI (სულხანი  ამბობს,  რომ  ის  იყო  გიორგისგან  „შვილურად  გაზრდილი  და  განსწავლული“),  მწვრთნელ-მასწავლებლად  კი  ჰყოლია  მცხეთელი  ზედგენიძე  ბერუკა.  მისი  მამიდაშვილები  გიორგი  და  არჩილი  ქართლის  მეფეები  გახდნენ,  ლევანი  კი  მამა  იყო  ვახტანგ  VI-ისა.  სამეფო  კართან  მჭიდროდ  დაკავშირებული  სულხანი  შემდეგ  ვახტანგ  VI-ის  აღმზრდელი  და  თანამებრძოლიც  იყო  სიკვდილამდე .

სულხანს  7  ძმა  და  3  და  ჰყავდა.  ისინი  მოღვაწეობდნენ  ქართული  კულტურის  სასიკეთოდ.   ერთი  ძმა,  დემეტრე  ორბელიანი,  ცნობილი  პოეტი  იყო;  მეორე, ნიკოლოზ  ტფილელიც  პოეტი  და  კალიგრაფი  გახდა;  სხვებმაც  მნიშვნელოვანი  ღვაწლი  დასდეს  ქართულ  მწიგნობრობას.

წარჩინებულმა  და  განათლებულმა  სულხანმა  საპატიო  ადგილი  დაიჭირა  მეფის  კარზე.  მისი  მოღვაწეობა  ქართლის  ძნელბედობის  ჟამს  თანხვდება.

იგი  მხარში  ედგა  გიორგი  მეთერთმეტეს  და  ქვეყნის  განმტკიცებისათვის  იბრძოდა,  მაგრამ  როდესაც  ირანის  შაჰმა  ქართლის  მეფობა  გამაჰმადიანებულ  ერეკლეს (ნაზარალიხანს)  უბოძა,  გიორგი  ქართლიდან  გააძევეს,  იგივე  ბედი  ხვდა  სულხანსაც.   მ. თამარაშვილის  ცნობით,  1687  წლიდან  საბა  ფარული  კათოლიკეა.  1689  წელს  სულხანი  ბერად  აღიკვეცა  და  ეწოდა  საბა.

1073  წლიდან  სულხანი  დიპლომატიურ  საქმიანობას  იწყებს.  ორჯერ  იყო  სპარსეთს,  ევროპაში.  1714 წლის  აპრილში  ვერსალში  საბა  მიიღო  ლუდოვიკო  მეთოთხმეტემ. პარიზიდან  გამობრინებული  იმავე  წლის  ივლისში  საბა  ორჯერ  მიიღო  რომის  პაპმა კლიმენტოს  მეთორმეტემ.  საბას  ყველგან  დიდი  პატივით  დახვდნენ,  მაგრამ  რეალური  დახმარება  არ  გაუწიეს.  ევროპა  ირან-ოსმალეთს არ  დაუპირისპირდა  პატარა  საქართველოს  გამო.  მართალია,  ეს  დიპლომატიური  ნაბიჯი  იყო  ევროპულ  სამყაროსთან  საქართველოს  კავშირის  აღდგენის  ისტორიული  გამოხატულება,  მაგრამ  ქართველი  პოლიტიკოსები  არ  აღმოჩნდნენ  იმდროინდელი  ევროპის  შიდა  პოლიტიკური  ამოცანების  საქმის  კურსში.  მათ  ალღო  ვერ  აუღეს  ევროპის  მიზნებსა  და  ამოცანებს  აღმოსავლეთში.

სამშობლში  დაბრუნებულ,  გაკათოლიკებულ  და  ხელმოცარულ  საბას  ეჭვის  თვალით  შეხედა  ქართველმა  არისტოკრატიამ,  „ჩხუბიანმა  კაცებმა“  განხეთქილება  ჩამოაგდეს  ვახტანგთან.  სულხანი  მოღალატედ  გამოაცხადეს  და  სასახლიდან  განდევნეს.

ვახტანგისა  და  სულხანის  შერიგება  მოხერხდა  მას  შემდეგ,  რაც  მეფემ  სთხოვა  „ქილილასა  და  დამანას“  „გაჩალხვა“ ,  რომელსაც  ვახტანგი  სპარსულიდან  თარგმნიდა.  ქართლის  აწეწილი  პოლიტიკური  ვითარების  გამო  ვახტანგ VI  იძულებული  გახდა ,  სამშობლო  დაეტოვებინა.  იგი  1724  წელს  რაჭის  გავლით  1200  წარჩინებულ  ქართველთან  ერთად  გაემგზავრა  რუსეთს.  სხვა  მრავალ  ორბელიანთან  ერთად  სულხანიც  გადაყვა  ვახტანგს  რუსეთში,  სადაც  მალე , 1725  წლის  26  იანვარს,  გარდაიცვალა კიდეც  ვსეხვსიატსოკში,  არჩილ  მეფის  სასახლეში.  იგი  იქვე,  კარის  ეკლესიაში  დაასაფლავეს.  მართმადიდებულ  ეკლესიაში  საბას  დაკრძალვა,  გვაფიქტებინებს,  რომ  სულხანი  კვლავ  ხომ არ  დაუბრუნდა  მართმადიდებულ  სარწმუნოებას?

სულხანი  ჭაბუკობიდანვე  ჩაბმულა  სამწერლო  საქმიანობაში.  როგორც  გვაუწყებენ  ხელნაწერები  „ჟამსა  სიჭაბუკისა თვისასა“  დაუწერია  დიდაქტიკური  ხასიათის  იგავ-არაკული ჟანრის  ნაწარმოები  „სიბრძნე  სიცრუისა“.  სიჭაბუკეშივე  შესდგომია  სულხანი  „ქართულ  ლექსიკონზე“  მუშაობს,  რაც  30 წელს გაგრძელებულა.  სამოგზაურო  ჟანრის  ნიმუშია სულხან-საბას „მოგზაურობა  ევროპაში“ , რომელშიც  დღიურების  სახით  აღწერილია  საფრანგეთსა  და  იტალიში მოგზაურობის  შთაბეჭდილებები.  თხზულების  პირველი  ნაწილი,  საფრანგეთის  აღწერა დაკარგულია.  განსაკთრებით  მნიშვნელოვანია  მისი  ქადაგების  კრებული _ „სწავლანი“ .

სულხან-საბა  ორბელიანი  ქართული  კულტურის  მარადიული  თანმდევი  სულია.  ასეთი  დონის  მოღვაწით  ყველა  ქვეყანა  იამაყებდა.

Leave a comment