აკაკი წერეთელი

a58b0f3858c8f0ccc2b3e086d19258a4

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 ივნისს საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.

აკაკის ძლიერ უყვარდა თავისი სოფელი სხვიტორი, მოსწონდა მისი წარმტაცი ბუნება. განსაკუთრებით ხიბლავდა მდინარე ჩიხურა, რომლის შესახებ წერდა: “წყლებში ყოველგვარ მდინარეს ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთ მათგანს _ ჩიხურას ვაძლევ. ეს იყო საკუთარი ჩემი ემბაზი და პირველი სარკე”.

აკაკის მამა თავადი როსტომ წერეთელი იმერეთში ცნობილი მებატონე ყოფილა, თავისი დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული და მწიგნობარი, მჭერმეტყველი, მოსწრებული სიტყვა-პასუხის კაცი, ხანდახან ენამწარეც .

პოეტის დედა ეკატერინე აბაშიძე შვილიშვილი იყო იმერეთის მეფე სოლომონ პირველის ასულის _დარეჯანისა. აკაკი წერეთელი თავისი მშობლების დახასიათებას თვითვე იძლევა “ჩემს თავგადასავალში”.

აკაკის დედა მეტად მხნე, გამრჯე, შრომისმოყვარე ადამიანი ყოფილა. მთელ ოჯახს თურმე ის განაგებდა. მამა საოჯახო საქმეებისათვის არ იწუხებდა თავს. მეურნეობის მართვა-გამგეობაში თითქმის სრულებით არ მონაწილეობდა…

ძველად ქართველ ფეოდალებს ჩვეულება ჰქონიათ: შვილებს ძიძას აზრდევინებდნენ. “ძიძაობა და ყმაწვილის სოფელში გაბარება,- გადმოგვცემს აკაკი,- ისტორიული ჩვეულება იყო ჩვენს ქვეყანაში; მეფეები და მთავრები ერისათავებს აბარებდნენ და აზრდევინებდნენ თავიანთ შვილებს, ერისტავები და დიდებულები- აზნაურებს და აზნაურები კი_ გლეხებს, უფრო ხშირად თავადებიც გლეხებს აზრდევინებდნენ”.

პატარა აკაკი სხვიტორის მახლობლად სოფელ სავანეში იზრდებოდა გლეხის ქალის, ფარსადან ყინჩაველის მეუღლის მანო სადუნაშვილის მზრუნველობით.

აკაკი დიდი სიყვარულით აღწერს თავის “თავგადასავალში” სოფელ სავანეს და იქ გატარებულ დროს. ” საწერეთლოში , ზემო იმერეთში, _ წერს აკაკი,_ ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც , ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი, როგორც სათვალთვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამოტომაც დაურქმევიათ “სავანე” , ე.ი. მოსასვენებელი ადგილი… აქ ავიდგი მე ფეხი, აქ ამოვიდგი ენა და აქედანვე იწყება ჩემი მახსოვრობაც”.

სოფელში აკაკი უშუალოდ გაეცნო გლეხის ყოფა-ცხოვრებას, გლეხის ჭირსა და ლხინს , რამაც მასზე მეტად კარგი გავლენა მოახდინა. არ შემიძლია არ გამოვტყდე,-წერს აკაკი, _ რომ თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი”.

სოფელში გატარებულმა ბავშვობის წლებმა ჩაუყარეს საფუძველი აკაკის სიყვარულს მშრომელი ხალხისადმი.

ექვსი წლის ასაკში მშობლებმა ძიძას მოაშორეს და ოჯახსი დააბრუნეს. სასახლეში პატარა აკაკიმ პირველ ხანებში მოიწყინა, ეს გარემოება დედას არ დარჩა შეუმჩნეველი და გასართობად შვილს ტოლი ბიჩები მიუჩინა. ” მე ამხანაგებთან ერთად, _მოგვითხრობს აკაკი, _ დილიდან საღამომდე სულ მინდორში დავრბოდი, მხოლოდ სადილად დამიძახებდნენ ხოლმე”.

აკაკის სწავლა-განათლებას ოჯახში დედა და მისი უფროსი და ხელმღვანელობდნენ. ანამ შასწავლა ქართული წერა-კითხვა, დედამ კი _ რუსული. აკაკის ბავშვობაში გადაუკითხავს “ვეფხისტყაოსანი”.

1850 წ. ათი წლის აკაკი ქუთაისის გიმნაზიაში შეიყვანეს, სადაც გამეფებული იყო სწავლების სასტიკი რეჟიმი და ცემა-ტყეპა, რომელიც ჭირივით შეიძულა მომავალმა პოეტმა.

1859 წელს აკაკი გამოვიდა გიმნაზიის მეშვიდე კლასიდან და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. აქ იგი ეწვია თავის ძმას _ ილიკოს. როგორც ვიცით აკაკის განზრახული ქონდა სამხედრო სამსახურში შესვლა და თანაც ისეთი პირობებით, რომ სწავლის განგრძობის საშუალებაც მისცემოდა. მაგრამ ასეთი სამხედრო უწყების აღმოჩენა ძნელი შეიქნა.

1908 წლის 7 დეკემბერს ქართველმა ხალხმა გადაიხადა საყვარელი პოეტის სამწერლო-საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლის იუბილე

1909 წლის ივლისში აკაკი წერეტელი პარიზში გაემგზავრა სამკურნალოდ, იქ მყოფმა ქართველობამ აკაკის გაუმართა ბანკეტი, რომელზედაც პოეტმა სიტყვა წარმოთქვა. პარიზის გაზეთებმა წერილები უძღვნეს დიდებულ ქართველ პოეტს.

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ აკაკი წერეთელი გაემგზავრა პეტერბურგს , სადაც იმ დროს იმყოფებოდა პოეტის ცოლ-შვილი. პეტერბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, რუსეთისა და სხვა მოძმე ერთა მოწინავე საზოგადოებასთან ერთად, საგანგებო შეხვედრა მოუწყეს საყვარელ პოეტს. პეტერბურგიდან აკაკი მიიწვიეს მოსკოვში.

1914 წლის 24 დეკემბერს პოეტს დამბლა დაეცა. ეს სამწუხარო ამბავის ელვის სისწრაფით მოედო მთელ საქართველოს. ხალხი გამუდმებით ადევნებდა თვალ-ყურს საყვარელი პოეტის ჯანმრთელობას. მის სანახავად სხვიტორში სისტემატიურად მიდიოდა მოწინავე ქართველი საზოგადოება. სოფლებიდან შეუჩერებელ ნაკადად მიედინებოდნენ მშრომელები ავადმყოფის სანახავად.  1915 წლის 25 იანვარს კვლავ ჩაექცა სისხლი ტვინში და 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), ღამის პირველ საათზე აკაკი გარდაიცვალა. ქართველმა ხალხმა საყვარელი პოეტი უღრმესი მწუხარებითა და პატივისცემით წაასვენა სხვიტორიდან თბილისს და დიდი გლოვით დაკრძალა მთაწმინდაზე, ქართველ მოღვაწთა პანთეონში.